logo
ENG



"დიდი ეჭვი მეპარება ამის ავთენტურობაში" - გახარია სუს-ის ჩანაწერებზე

03 აგვ 202117:42
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილ პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩანაწერების ავთენტურობაში ეჭვი ეპარება. ამავე დროს, გახარია ამბობს, რომ შესაბამისი გამოძიება უნდა ჩატარდეს.

"რეალურად, წარმოდგენა არ მაქვს რაზეა საუბარია, დიდი ეჭვი მეპარება ამის ავთენტურობაში... პირველ რიგში, რაც გასაკეთებელია და სახელმწიფოს ვალდებულებაა, უნდა ჩატარდეს შესაბამისი გამოძიება და დადგინდეს, მანამდე ნებისმიერი კომენტარის გაკეთება არასერიოზულია", - თქვა გახარიამ.

1-ლ აგვისტოს მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ეთერში წაიკითხა ანგარიში, რომელიც, მისი თქმით, სუს-ის მიერ არის მომზადებული.

დოკუმენტში მოთხობილია დიპლომატების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სასულიერო და საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების დეტალები. გვარამიას თქმით, ჩანაწერებში ათობით საუბარია მოყვანილი და ასახავს ეს პირები ვის, როდის და რა ვითარებაში შეხვდნენ. ჩანაწერებს შორისაა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის საუბარიც.

ჩანაწერების ნამდვილობა მისი ფიგურანტების ნაწილმა დაადასტურა. მათ შორის, GDI-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ.

ნიკა გვარამიას თქმით, დოკუმენტში წერია, რომ 2020 წლის 15 ივნისს საუბარი შედგა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანსა და EMC-ის წარმომადგენელს, გურამ იმნაძეს შორის, საუბარი შეეხო EMC-ის დირექტორის, თამთა მიქელაძის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას, ამის შემდეგ ონიანი GDI-ის მაშინდელ დირექტორს, გიორგი მშვენიერაძეს ესაუბრა.

იგივე საუბარი დაადასტურეს TI-ის დირექტორმა, ეკა გიგაურმა, ასევე, გურამ იმნაძემ და თამთა მიქელაძემ. 

ასევე, ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა რადიო თავისუფლების გამომძიებელმა ჟურნალისტმა, გიორგი მგელაძემ და ფორმულას ჟურნალისტმა, ნინო გელაშვილმა. 

მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ჩანაწერები უკანონოდ არის გაკეთებული, ხოლო უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის ბრძანებებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ე.წ. ოტოს დირექტორი კობა კობაძე გასცემდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უარყო, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ანგარიშებს ამზადებს. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი ამას "შეთქმულება" და "პროვოაცია" უწოდა

 


close დახურვა